თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი სახალხო დამცველს შეხვდა. როგორც ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორს შეხვდება. მისივე თქმით, დროა გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყოს და ყველა გამქრალი მასალა აღდგეს.
თავის მხრივ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველი საქმის შესწავლაში ჩაერთვება.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.