გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში ახალ ფიგურანტის მიმართ, რომელმაც ბაჩალიშვილის ოჯახის წევრებს თამართან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, პროკურატურის მხრიდან მუქარა და ზეწოლა ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი, საქმის ახალ ფიგურანტს მობილურ ტელეფონს ჩამოართმევენ, ისინი ტელეფონის ალტერნატიულ ექსპერტიზას მოითხოვენ.
როგორც ადვოკატი განმარტავს, პროკურატურამ ასევე არ დააკმაყოფილა ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ადვოკატის საჩივარი იმ დადგენილების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივართან ერთად მასალაც მიიტანა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი „სქრინია“. კერძოდ, ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს წერს: „გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვას“.