23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდება. როგორც ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროდან პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს, ამის მიზეზად კი გომელაურის უწყებისადმი უნდობლობას ასახელებს. ადვოკატი უნდობლობის მიზეზად რამდენიმე გარემოებას ასახელებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ ოჯახის წევრებთან საუბრის ინტონაციას, რასაც რამიშვილის თქმით, გოგონას გაუჩინარების დღეებში ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა, ოჯახი დარწმუნებით აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 5 დღე თეთრიწყაროს ტყესთან არ იდგა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მკვლელობის, არამედ მაინც თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.