ტერორისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" მძევლებად აყვანილი ქაბულის უნივერსიტეტის ამერიკელი და ავსტრალიელი პროფესორები 3-წლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დაჯგუფების წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ავღანეთის ხელისუფლებამ მოძრაობის 3 მეთაური პატიმრობიდან გაათავისუფლა. ავღანეთის პრეზიდეტნმა აშრაფ ღანიმ დაკავებულების გათავისუფლებას მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უწოდა. გათავისუფლებულები ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიქსი არიან. ისინი ქაბულში, ამერიკულ უნივერსიტეტში ასწავლიდნენ, როდესაც 2016 წელს „თალიბანის“ მებრძოლებმა გაიტაცეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი დაკარგულებად ითვლებოდნენ.
2017 წელს „თალიბანმა“ მათი მონაწილეობით ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ისინი დონალდ ტრამპს გათავისუფლების სანაცვლოდ დაჯგუფებასთან მოლაპარაკების დაწყებას სთხოვდნენ.