"თალიბანი" - ავღანეთი ყველა უცხოელმა ჯარისკაცმა დათქმულ ვადაში უნდა დატოვოს - Palitra News

"თალიბანი" - ავღანეთი ყველა უცხოელმა ჯარისკაცმა დათქმულ ვადაში უნდა დატოვოს

2021-07-05 10:14:35+04:00

ნებისმიერი უცხოელი ჯარისკაცი, რომელიც სექტემბრის შემდეგ ავღანეთში დარჩება, რისკის ქვეშ იქნება, როგორც ოკუპანტი - ამის შესახებ „თალიბანის“ პრესსპიკერმა სუჰაილ შაჰინმა BBC-ს განუცხადა.

„თალიბანმა“ ეს განცხადება გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა ავღანეთში დიპლომატიური მისიებისა და ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის დასაცავად 1 000-მდე სამხედრო, ძირითადად ამერიკელები, დარჩეს.

„თუ ისინი თავიანთ ძალებს დოჰას შეთანხმების დარღვევით დატოვებენ, ამ შემთხვევაში ჩვენი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, თუ როგორ ვიმოქმედოთ”, - განუცხადა შაჰინმა BBC-ს.

მისი მტკიცებით, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა უცხოელი სამოქალაქო პირები თალიბების სამიზნე არ იქნებიან.

"ჩვენ წინააღმდეგი ვართ უცხო ქვეყნების სამხედრო ძალების და არა დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საელჩოების ფუნქციონირების - ეს ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ მათ საფრთხეს არ შევუქმნით", - აღნიშნა თალიბების პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარი ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბრამდე, 9/11 ტერაქტის 20 წლისთავამდე, დატოვებს.