ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია, ყირგიზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის დაშავებულთა რიცხვი 160-ს აჭარბებს. რაც შეეხება ტაჯიკეთს, ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე და დაიჭრა 90-მდე ადამიანი. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტაჯიკეთის მხარემ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუხსნა. ქვეყანაში ასევე აცხადებენ, რომ ყირგიზეთ-ტაჯიკის საზღვარზე სროლები პერიოდულად ხდება, ხოლო ბათქენის ოლქის ლეილექის რაიონი იზოლაციაში აღმოჩნდა და იქ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს შორის წყალგამანაწილებელ ობიექტთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა.