Reuters-ის ცნობით, ტაილანდმა თეთრი ქვიშის პლაჟი, Maya Bay (მაიას ყურე), მისი დახურვიდან 3 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ხელახლა გახსნა. ეს ადგილი ცნობილი გახდა 2000 წლის ფილმით, „პლაჟი," რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო მონაწილეობს. პლაჟი 100 მეტრის სიმაღლის კლდეებით არის გარშემორტყმული და ანდამანის ზღვაში, კუნძულ ფი ფი ლეჰზე მდებარეობს.
ხელისუფლებამ 2018 წელს Maya Bay საზოგადოებისთვის მთლიანად დახურა და განაცხადა, რომ მარჯნის რიფები და პლაჟის ტერიტორია მუდმივი ტურისტული აქტივობებით ზიანდებოდა. თუმცა, ახალი წლის დადგომისთანავე ვიზიტორების გარკვეული რაოდენობას პლაჟზე დაბრუნების უფლება მიეცა.
ბუნების დაცვის მიზნით, ხელისუფლებამ შეზღუდვა დააწესა და პლაჟის მონახულების უფლება ერთდროულად მხოლოდ 375 ვიზიტორს ექნება, ცურვა კი ისევ აკრძალულია. ამასთან, ნავები მხოლოდ ყურის უკან დანიშნულ ადგილამდე შეცურავენ, რათა თავიდან აიცილონ მარჯნის რიფების დაზიანება.
კორონავირუსული პანდემიის დაწყებამდე, ტურიზმი ტაილანდის ეკონომიკის, დაახლოებით, 12%-ს შეადგენდა და ეკონომიკის ზრდის მთავარ მამოძრავებელ სექტორს წარმოადგენდა. 2019 წელს ქვეყანამ 40 მილიონი ტურისტი მიიზიდა. თუმცა, მასობრივი ტურიზმი ტაილანდისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ტროპიკულ პლაჟებზე გარემოს დაბინძურების ძირითადი ფაქტორია.