ტაილანდის ტურიზმის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წელს არ შემოიღოს ტურისტების მოსაკრებელი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტაილანდში ვიზიტის დროს გადაახდევინებენ. ამის შესახებ ადგილობრივი Bangkok Post-ი იუწყება.
ტურიზმის მუდმივი მდივნის განცხადებით, მოსაკრებლის შემოღებამ შესაძლოა, დამატებითი დანაკარგი მოუტანოს სექტორს, რომელიც ამ დროისთვის სტაგნაციურ მდგომარეობაშია.
ანალიტიკოსების განცხადებით, გარდა ტურიზმის სექტორში სტაგნაციური მდგომარეობისა, ტაილანდის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას აუცილებლად იქონიებს ამერიკა-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომი, რომელმაც ტაილანდის ტურიზმის სექტორში უკვე შეაღწია.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არასახარბიელო მდგომარეობისა, ტაილანდში წელს 40-41 მილიონ ტურისტს ელოდებიან.