ტაილანდის ხელისუფლება აპირებს 2022 წლის აპრილიდან აამოქმედოს 300 ბატის, დაახლოებით 9 დოლარის ოდენობის მოსაკრებელი უცხოელი ტურისტებისთვის. ამის შესახებ გაზეთ Bangkok Post-ის ელექტრონული ვერსია წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსაკრებელი ჩართული იქნება ავიაბილეთების ფასში. გარდა ამისა, ხელისუფლება აპირებს ტურისტული მოსაკრებლის დაწესებას ქვეყანაში ხმელეთისა და ზღვიდან შემომსვლელი უცხოელებისთვისაც.
როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, მიღებული შემოსავლები მოხმარდება ისევ ტურისტულ მიმართულებას და ტურისტების დაზღვევას.
ტაილანდის ტურიზმისა და სპორტის სამინისტრო მიმდინარე წელს ტურიზმიდან 1,3-1,8 ტრილიონი ბატის ანუ 38-53 მლრდ დოლარის შემოსავალს მოელის. ქვეყანა წელს 5-15 მლნ ტურისტის მოზიდვას აპირებს.