ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სატელეფონო კომპანიებისათვის საერთაშორისო ზარის ტარიფი ერთ წუთზე მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი ზარისათვის დადგენილ ტარიფს და ამავდროულად იბეგრება აქციზის გადასახადით.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ელექტრონული მოწყობილობა - "სიმ-ბოქსის" საშუალებით ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარის გარდაქმნა ადგილობრივ ზარად და მომხმარებელზე ამ ფორმით მიწოდება, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.