სამკაულები და აქსესუარები, თავიანთი ბზინვარებითა და დახვეწილობით ხაზს უსვამენ ბუნებრივ მშვენიერებას, მზის სხივის ანარეკლით აფერადებენ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. დიზაინერები გამუდმებით ცდილობენ ფეხი აუწყონ თანამედროვეობას და სამყაროსგან მოწოდებული ინსპირაციით განსხვავებული და გამორჩეული ნამუშევრები შესთავაზონ მომხმარებელს. რამდენიმე ათეულ ცნობილ კომპანიებს შორის თქვენს ყურადღებას დღეს ბევრისთვის სასურველ ბრენდზე შევაჩერებ, ძვირფასეულობის კაშკაშა წარმომადგენელზე, რომლის ნაწარმის მრავალფეროვნების და მისი განვითარების ისტორია აუცილებლად დაგაინტერესებთ. სვაროვსკი - მინის ავსტრიული მწარმოებელი, რომლის სათავო ოფისი ვატერნში მდებარეობს არსებობს როგორც საოჯახო ბიზნესი 1895 წლიდან. კომპანია დაყოფილია სამ ძირითად ინდუსტრიად: სვაროვსკის კრისტალური ბიზნესი, რომელიც ძირითადად ბროლის მინას, სამკაულებს და აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებლებს; Swarovski Optik - რომელიც ოპტიკურ ინსტრუმენტებს აწარმოებს, როგორიცაა ტელესკოპები, თოფების ტელესკოპური სამიზნეები და ბინოკლები; და Tyrolit - საპრიალებელი, სახერხი, საბურღი და სხვადასხვა დასამუშავებელი ხელსაწყოების მწარმოებელი. დღეს, Swarovski Crystal Business არის ერთ-ერთი შემოსავლიანი ბიზნეს ერთეული, რომელიც გლობალური მასშტაბით დაახლოებით 3000 მაღაზიას ფლობს 170 ქვეყანაში, 29 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული და შემოსავალი 2018 წლის მონაცემებით 2.7 მილიარდ ევროს აღემატება. ორგანიზაციას მისი დაარსებიდან დღემდე როგორც ოჯახის ბიზნესს მეხუთე თაობის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ, თუმცა ბოლო განცხადებით, 2022 წელს შესაძლოა სახელმძღვანელო პოსტი არა ოჯახის წევრმა დაიკავოს. ბრენდი, რომელიც ხიბლავს ქალბატონებს ბზინვარებით და ასევე ითავსებს ოპტიკურ ხელსაწყოებს მამაკაცებისთვისაც დაარსებიდან ყურადღების ცენტრში იყო და ვითარდებოდა წლიდან წლამდე. რამდენიმე მიმართულებით გაშლილი ბიზნესი უკვე 127 წელია მოწოდების სიმაღლეზეა.