ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე შეკრებილ ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართა.
„ბელარუსმა გაიღვიძა. ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში, ჩვენ ახლა უმრავლესობაში ვართ. მშვიდობიანი რევოლუცია ხორციელდება. ეს არ არის პოლიტიკური რევოლუცია. ეს არც პრორუსული და არც ანტირუსული რევოლუციაა, ეს არც ანტიევროკავშირული და არც პროევროკავშირული რევოლუციაა. ეს დემოკრატიული რევოლუციაა,“- განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
მან მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, პატივი სცენ ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენი მიზანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მშვიდობიანი გზით ჩატარებაა“ - აღნიშნა ტიხანოვსკაიამ. მისივე თქმით, ისინი მზად არიან, საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით ხელისუფლებასთან დიალოგი აწარმოონ.