"კოვიდ-19"-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.
ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518 მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებში.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად ტრანსპორტის მობილიზება მოხდა. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაში მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების დაცვით უზრუნველყო ადგილზე მყოფი მოქალაქეების ესკორტირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საკარანტინო ზონების მიმართულებით.