სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ "დაეშის" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა. აღნიშნულის მიუხედავად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ "ისლამური სახელმწიფოს" იდეებს, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ. სუს-ის ინფორმაციით, 2018 წელს აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სირიასა და ერაყში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად.ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ ტერორისტული საფრთხეების კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე შექმნილი უკონტროლო ვითარება.