"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობს, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ" - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.მათივე ინფორმაციით, უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები, რომლებზეც დაწერილი იყო სხვადასხვა სახელები, მათ შორის ქართულ ენაზე დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში "მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს". შეგახსენებთ, ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა დღეს განხორციელდა. შედეგად დაღუპულია 40 ადამიანი.