სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე სანქციები მკაცრდება - Palitra News

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე სანქციები მკაცრდება

2021-11-29 08:21:25+04:00

პარლამენტის მიერ მიღებულ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შესულ ცვლილებებში სანქციების გამკაცრებაა გათვალისწინებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მისი მიზანი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სამართალდარღვევების ზუსტად იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირებაა.

სეს-ის განმარტებით, პასუხისმგებლობის ზომები გამკაცრდა სურსათის უვნებლობის სფეროში ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიც არის: ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსება და ჯარიმა განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით; ასევე კრიტიკული შეუსაბამობის განმეორებით ჩადენა და ჯარიმა განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით.

ცნობისთვის, კრიტიკულია შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ცვლილებების ძირითადი ნაწილი ძალაში მიმდინარე წლის 4 დეკემბრიდან შედის.