სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა. მათი ინფორმაციით, 21 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტომ იმავე დღეს ბიზნესოპერატორთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“ იგივე ბიუ-ბიუ და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა. აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა. ბიუ ბიუ-ში კი ამბობენ, რომ მათ პროდუქციაში სალმონელა არ გამოვლენილა და მათთვის გაუგებარია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი.