გორის რაიონულმა სასამართლომ სურამში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი პატიმრობის შეფარდების ნაცვლად, გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდებულის ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა. შეგახსენებთ, რომ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 6 ივლისს დილით, სურამში მოხდა. 3 შვილის დედა, 31 წლის თეა რუსია ქმარმა მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა. როგორც მეზობლები ყვებიან, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.