სავაჭრო ქსელების პოლიტიკა მეწარმეებისა და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მიუღებელია. პრობლემა ე.წ. ქეშ-ბექებს უკავშირდება, რის გამოც იმპორტიორები ქსელურ სუპერმარკეტებთან პოზიციებს იძულებით თმობენ. სამეწარმეო და სადისტრიბუციო ბაზრების წარმომადგენლების თქმით, სუპერმარკეტები, გაყიდული პროდუქტის 12%-ს უკან იღებენ, რის გამოც პროდუქტზე ფასები მატულობს. დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, რომ მსხვილი ბიზნესის კაბალურ შეთავაზებებს იძულებით თანხმდებიან, შედეგად კი პროდუქტებზე ფასის მომატება უწევთ, რაც საბოლოოდ მომხმარებელსაც აზარალებს.ამასთან, დისტრიბუტორთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ საქმეში კონკურენციის სააგენტოს ჩარევა გახდეს საჭირო. ასოციაციაში ამბობენ, რომ პრობლემა საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს.