სუნელების და სანელებლების წარმოება-გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზომების მოქმედების ვადა არაუმეტეს 2 წლით არის განსაზღვრული. ახალი წესების თანახმად, ინდივიდუალური მეწარმეების გარდა სხვა ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება-გადამუშავება და რეალიზაცია იკრძალება. მათ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, როცა სუნელებისა და სანელებლების დაფქვა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება.
ამასთან, სეს-ის ცნობით, ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება მხოლოდ დაფასოებული სახით კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა.