"ევროპული საქართველო" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაოები, რათა ევროკავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ასევე შევიდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით სამუშაოები უნდა ჩატარდეს რათა: "ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნაზე; ევროპის კავშირმა და აშშ-მ შემოიღონ სანქციები ყველა კომპანიის მიმართ რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოროებზე"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მისი თქმით აღნიშნული ზომების შემოღება მნიშვნელოვანია ვინაიდან რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, დესტრუქციული მიდგომა აქვს ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ ხოლო საქართველოს სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია ეთნიკური წმენდის შედეგების ნებისმიერი ფორმით ლეგიტიმაცია და განმტკიცება, მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთათვის წართმეული უძრავი ქონების დასავლური კომპანიების მიერ გაქირავება