07:16
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
სულ რაღაც 15 წუთში შეუძლია ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს, მისი ნეიროტოქსიკური შხამი ანეიტრალებს მსხვერპლს და მისი კუნთების მუშაობას აფერხებს, რაც სასუნთქი მუსკულატურის დამბლას იწვევს - სამეფო კობრა
23-09-2021

სამეფო კობრა, რომელიც მეცნიერებისთვის მეტწილად გამადრიადის სახელითაა ცნობილი, ქვეწარმავალთა მრავალრიცხოვანი ოჯახის ყველაზე მსხვილი და შხამიანი წარმომადგენელია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შთამბეჭდავი გაბარიტების და შემზარავი იერის წყალობით არა მხოლოდ სამეფო ტიტული, არამედ ადამიანების რიდი და პატივისცემაც დაიმსახურა.   

სამეფო კობრას პოპულაცია საკმაოდ ფართო არეალზე ვრცელდება და თითქმის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას მოიცავს ინდონეზიის, ინდოეთის და პაკისტანის, ფილიპინების, ტაილანდისა და მალაიზიის ჩათვლით. მართალია, გამადრიადის ჩვეულ გარემოდ ხშირი ბალახით და ბამბუკით მდიდარი, რბილი კლიმატის და მაღალი ტენიანობის ტროპიკული ტყეები ითვლება თავისი გრილი ჭაობებით, მაგრამ ბოლო დროს კობრა ადამიანებით დასახლებულ პუნქტებშიც ხშირად სტუმრობს, რაც ერთის მხრივ, ქვეწარმავლის მშობლიური ტყეების განადგურებით, მეორეს მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებით აიხსნება, რადგან სწორედ სასოფლო-სამეურნეო ნათესებში ბინადრობენ ის მღრღნელები და შედარებით მცირე ზომის გველები, რომლითაც კობრა იკვებება.

სოლიდურობის გათვალისწინებით, ასპიტისებრთა ოჯახს მიკუთნებულ ქვეწარმავალს მეცნიერები დამოუკიდებელ - სამეფო კობრათა ქვეოჯახად გამოყოფენ. ჩვეულებრივ, ზრდასრული გამადრიადის სიგრძე ოთხ მეტრს აღწევს, თუმცა ცალკეული ინდივიდები ექვს მეტრამდეც იზრდებიან. აღსანიშნავია, რომ სამეფო კობრა საშუალოდ 30 წელი ცოცხლობს და მთელი ცხოვრების მანძილზე იზრდება.

თავზე, კეფის ფარებს უკან გველს ნახევარრკალად განლაგებული მუქი ფერის დამატებითი ფარები ამშვენებს, რომლებიც ერთგვარ თხელ კაპიუშონს ქმნიან და გვირგვინოსანი ქვეწარმავლის მორთულობას წარმოადგენენ.

მართალია, სამეფო კობრა ძირითადად შავი, ყავისფერი ან მომწვანო-ყვითელი ფერისაა, მაგრამ შეფერილობა საკმაოდ პირობითი და ცვალებადია, რადგან პირველ რიგში მის გავრცელების არეალზეა დამოკიდებული. ტანზე გველს განივი ზოლები გასდევს, რომლებიც თავთან მუქი და ვიწროა, კუდისკენ კი, ფართოვდება და ღია ფერს იძენს, ქერცლი კი, რომელიც მის ტყავს ამშვენებს, მართალია ყოველთვის თვალისმომჭრელად ბზინავს, მაგრამ საკმაოდ მშრალი და უხეშია.

ტყავს ახალგაზრდა კობრა თვეში ერთხელ, ზრდასრული კი, წელიწადში ოთხჯერ იცვლის. თუმცა ქვეწარმავალი, არა მხოლოდ ახალი ტყავით იმოსება, არამედ მოძველებულ კბილებს და თვალებსაც სიამოვნებით ემშვიდობება. სხვათა შორის, თვალების განახლების შემდეგ, მხედველობის ახალ ორგანოს შეუჩვეველი ქვეწარმავალი პრაქტიკულად უსინათლოა და ვერაფერს ხედავს, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ, 100 მეტრის დისტანციაზეც უშეცდომოდ ამჩნევს ნებისმიერ ობიექტს.

ტყავის მოცვლის არასასიამოვნო პროცესი საშუალოდ 10 დღე გრძელდება და საოცრად ასუსტებს მუდამ აგრესიულ, საომრად განწყობილ ქვეწარმავალს, რომელიც ძალაგამოცლილი და შეციებული ადამიანის საცხოვრებელსაც ხშირად სტუმრობს თბილი და კომფორტული თავშესაფრის ძიებაში. 

სამეფო კობრას კიდევ ერთ უნიკალურ თავისებურებად ითვლება საფრთხის ან თავდაცვის შემთხვევაში სხეულის მესამედის ვერტიკალურად აღმართვა და კისერის გაფართოება ანუ ცნობილი კაპიუშონის გაშლის უნარი, როცა თავს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ინარჩუნებს და გამფრთხილებლად სისინებს. ზუსტად ამავე პოზაში ნადირობს და ეძებს მსხვერპლს ქვეწარმავალი, მეტოქესთან შეხვედრისას კი, ცდილობს კინკრიხოთი შეეხოს და ამგვარი ორიგინალური ფორმით დაუმტკიცოს საკუთარი უპირატესობა. აღსანიშნავია, რომ ქვეწარმავლები სწორედ გაბარიტებით ეჯიბრებიან ერთმანეთს და ყოველთვის ის იმარჯვებს, რომელიც მაქსიმალურად წელავს ტანს სიგრძეში, დამარცხებული კი, ბრძოლის გარეშე თმობს პოზიციას და სწრაფად ეცლება სახიფათო ტერიტორიას.

სამეფო ტიტულის მქონე ქვეწარმავალი ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს როგორც ხმელეთზე, ისე წყალში და მართალია, შესანიშნავად ცურავს და ცოცავს ხეზე, მაგრამ მაინც ხმელეთზე, სოროებსა და გამოქვაბულებში ურჩევნია დაბინავება. ჩვეულებრივ, ქვეწარმავალი პირობითი საზღვრებით შეზღუდულ ტერიტორიაზე მოძრაობს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ათეულობით კილომეტრზეც თამამად მოგზაურობს. 

შხამის გამოყოფას და ხარჯვას, გამადრიადი კუნთების შეკუმშვით და შხამის ჯირკვლების ბლოკირებით არეგულირებს. ადამიანის შესაშინებლად გველი ხშირად მიმართავს ე.წ. "ცრუ კბენის" პრაქტიკას, რაც მეტ-ნაკლებად უვნებელია, რადგან არასდროს გამოყოფს შხამს. ერთადერთი "სიმდიდრე", რასაც გონიერი ქვეწარმავალი უფრთხილდება - სწორედ შხამია, რომელიც პირველ რიგში სანადიროდ ან მტერზე თავდასხმისთვის სჭირდება და არასდროს ხარჯავს ფუჭად. სხვათა შორის, შხამს კობრა ყოველთვის დოზირებულად გამოყოფს, მსხვერპლის გაბარიტებისა და სიძლიერის გათვალისწინებით.  

სამეფო კობრას ერთი კბენით, სულ რაღაც 15 წუთში შეუძლია გამოასალმოს სიცოცხლეს ადამიანი ან მსხვილი ცხოველი გიგანტი სპილოს ჩათვლით, რადგან მისი უძლიერესი, ნეიროტოქსიკური შხამი რამდენიმე წამში ანეიტრალებს მსხვერპლს და აფერხებს მისი კუნთების მუშაობას, რაც თავის მხრივ სასუნთქი მუსკულატურის დამბლას, სუნთქვის შეჩერებას და ფატალურ შედეგს იწვევს.

ნათესავებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ თავდაცვის მიზნით კბენენ ადამიანს, სამეფო კობრას უმიზეზოდ თავდასხმა და დადევნება ახასიათებს, რაც მეცნიერების აზრით, მისი აგრესიული ზნით და ე.წ. ბუდეთმშენებლური ცხოვრების წესით აიხსნება.

სამეფო კობრა დღისით აქტიურდება და საკვების მოპოვებაც მეტწილად დღის პირველ ნახევარში ურჩევნია. მონათესავე გველებისგან განსხვავებით გამადრიადის რაციონი საკმაოდ მწირია, რადგან  ძირითადად თავისივე ნათესავებით იკვებება. მართალია, ქვეწარმავალი მცირე ზომის მღრღნელებს და ხვლიკებსაც მადიანად შეექცევა, მაგრამ უპირატესობას მაინც ნათესავებს, მათ შორის შხამიან გველებს ანიჭებს, რომელთაც ერთიანად ყლაპავს, ჭამას კი, ყოველთვის თავიდან იწყებს და არა კუდიდან.

უჩვეულო აგებულება აქვს ქვეწარმავლის ხახას, რომლის ზედა და ქვედა ყბა ერთგვარი ელასტიკური სამაგრითაა შეერთებული, რაც ბევრად უფრო გაბარიტული ნადავლის უპრობლემოდ გადაყლაპვის საშუალებას აძლევს, ვიდრე თვითონაა. ამასთანავე, გველს არ შეუძლია საკვების დაღეჭვა, ამიტომ სადილს კუჭის წვენის გამოყოფით ამუშავებს.

სამეფო ტიტულის მფლობელ კობრას, დედოფალიც თავისი ჰყავს, რომლის გულის მოსაგებად აქტიურად ებმება რიტუალურ ბრძოლაში. მართალია, მამრი ყოველთვის კონკურენტის ხარჯზე ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, მაგრამ  მეტოქეები არასდროს იმეტებენ ერთმანეთს სასიკვდილოდ, შეთვალიერებული ქალბატონი კი, ყოველთვის გამარჯვებული მამრის საკუთრება ხდება. თუმცა, თუ მდედრს უკვე ჰყავს პარტნიორი, ახლად გამომცხვარი კავალერი დაუნდობლად ესხმის მას თავს, კლავს და სინანულის გარეშე შეექცევა.

ოჯახის შექმნამდე მამრ კობრას გარკვეული დრო სჭირდება, რათა ერთის მხრივ, რჩეულის ერთგულებაში, მეორეს მხრივ, საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნდეს, რადგან მდედრსაც შეუძლია უკმაყოფილების გამოხატვა, პარტნიორზე თავდასხმა და მისი შეჭმა.

დედობისთვის გამზადებული მდედრი ჯერ ბუდეს აშენებს მემკვიდრეებისთვის და მხოლოდ შემდეგ დებს 40–მდე კვერცხს, რადგან სამეფო კობრა ერთადერთია ნათესავებს შორის, რომელიც მომავალ თაობაზე ზრუნავს და თბილი, კომფორტული პირობების შექმნას ცდილობს მათთვის. აღსანიშნავია, რომ ბუდეს, რომელიც ფოთლების და წვრილი ტოტების დაახლოებით ერთმეტრიანს გროვას წარმოადგენს, მდედრი ყოველთვის მცირე შემაღლებაზე აშენებს, რათა წყალდიდობის და ტროპიკული წვიმის დროს დატბორვისა და დაშლისგან დაიცვას.  

საშენ მასალას ბუდისთვის ქვეწარმავალი სხეულის ზედა - გულმკერდის ნაწილით აგროვებს, მცენარისგან გამოყოფილი ენერგიით კი, კვერცხის განვითარებისთვის აუცილებელ – 26-28 გრადუსს ინარჩუნებს. კობრა საიმედოდ ფუთავს კვერცხს ფოთლებში, მერე კი, ბუდეს ეხვევა გარშემო და იმდენად ერთგულად იცავს მომავალ თაობას დაბადებამდე, რომ ნადირობასა და საკვების მიღებაზეც უარს ამბობს.

100-დღიანი ინკუბაციის პერიოდში მომავალი დედა განსაკუთრებით გაღიზიანებული და აგრესიულია, არაფერს ერიდება მემკვიდრეების დასაცავად და ნებისმიერს უტევს, ვინც ბუდესთან მიახლოებას გაბედავს, წიწილების გამოჩეკამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ბუდეს ტოვებს და საკვების მოსაძიებლად მიდის, რათა მოშიებულმა შემთხვევით საკუთარი შვილებით არ მოინდომოს დანაყრება.

ახლად გამოჩეკილი წიწილები რამდენიმე დღე რჩებიან ბუდეში და საკუთარი კვერცხის ცილითვე იკვებებიან. მართალია, კობრა შხამის ჯირკვლებით იბადება, მაგრამ საოცრად სუსტი და უსუსური მაინც ხშირად ხდება მსხვილი მტაცებლის ნადავლი, ამიტომ გასაკვირი არაა, ახალდაბადებული 50 წიწილიდან მოწიფულობას მხოლოდ 2-4 აღწევს. 

AutoPlay
ფრინველთა მეფე მთელ ველურ ბუნებას საკუთარ სამფლობელოდ მიიჩნევს და ერთნაირად სცემს თავზარს როგორც ხმელეთის, ისე წყლისა და ცის ბინადრებს - ფრინველი უძველესი დროიდან სარგებლობს ადამიანის პატივისცემით
16-10-2021
შესანიშნავი მხედველობის პატრონი სირაქლემა, თითქმის 5 მეტრის სიშორეზე ამჩნევს მტაცებელს, საფრთხის მოახლოების შემთხვევაში ყვირის და გარბის - დამფრთხალი სირაქლემა ცხენზე სწრაფია, მას სულ მცირე 70 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია
09-10-2021
ზრდასრული კენგურუს ნახტომი ხშირად სიგრძეში 12 მეტრს, სიმაღლეში კი - 3 მეტრს აღწევს, ცხოველი საფრთხის მოახლოების შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურ - 50-60 კმ/საათის სიჩქარეს ავითარებს
16-09-2021
იცოდით, რომ ლეგენდის თანახმად ჯიქი პანტერასა და ლომის ჰიბრიდია? - გაიგეთ უფრო მეტი კატისებრთა ოჯახის ამ მშვენიერი წარმომადგენლის შესახებ
29-07-2021
"ცეცხლოვანი მელა", "ბრჭყვიალა კატა" - გაიცანით წითელი პანდა, რომელიც ევროპელებმა მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაიცნეს
22-07-2021
მოქნილი და მოხდენილი ტანის მქონე ზღვის ლომი, რომლის სიგრძეც 3-3.5 მეტრს აღწევს
16-07-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები