სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) სისტემის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სტომატოლოგიური დაწესებულებისთვის ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის მოთხოვნები ტექნიკური რეგლამენტით არის განსაზღვრული.მათივე ცნობით, 2018 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში ათას 526 სტომატოლოგიური დაწესებულება მოქმედებდა. სააგენტოს მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად კი გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ვერ აკმაყოფილებს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს.ამათგან, ტექნიკური რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნის, ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში. კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა 2015 წელს შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 55%-ში იყო დარღვეული, 2016 წელს − 48%-ში, ხოლო 2017 წელს − 51%-ში.