21:45
16 ოქტომბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს 1300-მდე მევენახემ ჩააბარა - მათი შემოსავალი 8 მლნ ლარს აღწევს
02-09-2021

უახლესი მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, 9000 ტონამდე დასეტყვილი ყურძენია გადამუშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს 1300-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი კი 8 მილიონ ლარს აღწევს.

„სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 31 აგვისტოს 9 ლოკაციაზე შეუფერხებლად იღებდა სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს.

დასეტყვილი ყურძნის რაოდენობა და ჩაბარების ტემპები იძლევა საფუძველს, რომ სტიქიით დაზიანებული მოსავლის დაბინავება დასრულდება 3 სექტემბერს.
26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებულია და 10%-დან 90%-მდე მერყეობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად აბარებენ.

ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს”, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები