ფრანკლინ რუზველტი, რომელიც მეტად რთულ და დრამატულ პერიოდში ჩაუდგა შეერთებულ შტატებს სათავეში, ერთადერთი პრეზიდენტია, ვისაც ოთხჯერ ანდეს ამერიკელებმა საკუთარი ქვეყნის ბედი. შეუპოვარმა და საოცრად ამბიციურმა პოლიტიკოსმა არა მხოლოდ დიდი დეპრესია და ეკონომიკური კრიზისი დაამარცხა, არამედ ჯერ ანტიჰიტლერული კოალიციის, მერე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნაში შეიტანა უზარმაზარი წვლილი და პრაქტიკულად განსაზღვრა მე-20 საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობები.
ფრანკლინ დელანო რუზველტი 1882 წლის 30 იანვარს დაიბადა ნიუ-იორკში, ჰაიდ-პარკის პრივილეგირებულ რაიონში. მისი ოჯახი ამერიკულ ელიტას, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან დინასტიას მიეკუთვნებოდა, რადგან მამა - ჯეიმს რუზველტი - ვან როზენველტების იმ ჰოლანდიურ გვარს წარმოადგენდა, რომელიც ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გადაბარგდა ამერიკის კონტინენტზე და ფერმერობით გამდიდრებულმა რამდენიმე სატრანსპორტო და ნახშირის მომპოვებელი კომპანია შეიძინა. ფრანგი ჰუგენოტების უძველეს ევროპულ გვარს მიეკუთვნებოდა მომავალი პრეზიდენტის დედა - სარა დელანოც, რომელიც ადრე დაქვრივებული ჯეიმსზე 26 წლით უმცროსი და პრაქტიკულად მისი უფროსი ვაჟის ტოლი იყო. დიდი სიყვარულის მიუხედავად სარაზე დაქორწინება 54 წლის ჯეიმსისთვის სარფიანი გარიგება უფრო აღმოჩნდა, რადგან მის ქონებას ახალგაზრდა მეუღლის რამდენიმემილიონიანი მზითვიც შეემატა.
სიყვარულითა და მზრუნველობით განებივრებულ ფრანკლინს, რომლის ყველა წამოწყებას განსაკუთრებული ენთუზიაზმით იზიარებდნენ მშობლები, ბავშვობიდანვე განუვითარდა შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა და საკუთარი თავის რწმენა. ბრწყინვალე განათლება რუზველტმა ჯერ სახლში, მერე ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მასაჩუსეტსის შტატში მიიღო გროტონის კერძო სკოლაში. 1904 წელს მომავალმა პრეზიდენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, მოგვიანებით, კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში გადაინაცვლა სამართალმცოდნეობის შესასწავლად, მისი დასრულების შემდეგ კი, ნიუ-იორკის ადვოკატთა პალატაში ჩააბარა გამოცდა და უოლ-სთრითის სოლიდურ იურიდიულ კომპანიაში დაიწყო სტაჟიორად მუშაობა. მართალია, რუზველტს მწირი ანაზღაურება ჰქონდა, მაგრამ შემოსავალი ნაკლებად აღელვებდა, რადგან საოცრად პატივმოყვარე და ამბიციური ახალგაზრდა მხოლოდ პოლიტიკურ კარიერაზე ოცნებობდა. ამავე მიზნით გადაწყვიტა ფრანკლინმა შორეულ ნათესავზე ელეონორა რუზველტზე დაქორწინება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცა საპრეზიდენტო მომავლისკენ.