"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" კვლევის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების, ასევე იქ დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
კვლევა 78 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის მონაცემებს ეყრდნობა. მასში აღნიშნულია, რომ 2012 წელს 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 8 870 საშტატო თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წლისთვის კი 74 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში ეს მონაცემი 12 632-ს შეადგენს. რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, 2012 წელს 38 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 1 077 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი მათმა რაოდენობამ 67 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის ფარგლებში 7 193 შეადგინა.