თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1 პირი მკვლელობის მცდელობის, ხოლო მეორე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული განზრახ მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვერაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია 2 პირი. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოდან გუშინ გვიან ღამით გაწერეს. ის და ინციდენტში მონაწილე კიდევ რამდენიმე ადამიანი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამე იკითხებოდნენ. რაც შეეხება მეორე დაჭრილს, გიორგი ადუაშვილს, რომელსაც 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, ის კვლავ კლინიკაში რჩება. არსებული ინფორმაციით დედაქალაქის ცენტრში მომხდარი ორმხრივი სროლა, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილის სიძის სამეგობროს კონფლიქტს უკავშირდებოდეს.