"პალიტრანიუსის" გადაცემა "სპორტალის" სტუმარია საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ივლისში "ბორჯღალოსნებს" ორმატჩიან ტესტ-სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს, რომელიც 3 და 10 ივლისს გაიმართება.
ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით. აქამდე მათ ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. მეტოქემ 46:19 მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო თასზე პირველი ლელო გაიტანა!
2019 წელს სამხრეთ აფრიკამ მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ამ რანგში თავის პირველ მატჩს სწორედ საქართველოსთან გამართავს. "ბორჯღალოსნები" აფრიკას შარშან ზაფხულში უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ მაშინ ეს თამაში კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა.
თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე "ბორჯღალოსნები" 26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავს და ბელგია-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს უმასპინძლებს.
3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩების შემდეგ, შინ მობრუნებული "ბორჯღალოსნები" 17 ივლისს შოტლანდიას უმასპინძლებენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ზაფხულში ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს გამართავს ტიერ1-ის ნაკრებებთან.
"ბორჯღალოსნების" ის ნაწილი, რომელთა კლუბები სეზონს დაასრულებენ, ვარჯიშს 24 მაისიდან დაიწყებს და მათ ეტაპობრივად დაემატებიან მოთამაშეები. მათ დღეში ორჯერადი ვარჯიშები ექნებათ, 14 ივნისიდან კი გუნდი ზაფხულის მატჩებისთვის შეკრებაზე შევა.