შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა.როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 მარტს დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი.გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან - აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით, დახმარებისთვის 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა. გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნესპარტნიორს, მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის“) წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა აღნიშნულ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, "ქურდული წესებით", ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.