პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან ზოგიერთი მოქალაქე შემოვლითი გზით მანქანით მაინც გადაადგილდება.
სუბარის თქმით, ყოველი ასეთი ინფორმაცია შესაბამის სამსახურთან მოწმდება და ჯერჯერობით, ასეთი ინფორმაცია არ დადასტურებულა. ამასთან, სუბარი არ გამორიცხავს, რომ დაფიქსირდეს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საზღვრის ფეხით გადაკვეთის ერთეული შემთხვევები. მისივე თქმით, მარნეულსა და ბოლნისში დაძაბულობა არ შეინიშნება და მოსახლეობა კორონავირუსთან დაკავშირებით ადგილზე არსებულ ვითარებას გაგებით შეხვდა, თუმცა მისი თქმით, "მცირე გაუგებრობაც იყო".
როგორც სუბარი განმარტავს, ადგილზე სამუშაო შტაბია შექმნილი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები მუშაობენ.