„ფეისბუქმა“ და „იუთუბიმ“ თავიანთი პლატფორმებიდან ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ვიდეო წაშალეს, სადაც ის აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შიდსს იწვევს. კომპანიებმა განაცხადეს, რომ ვიდეო მათ პოლიტიკას არღვევდა.
„ჩვენი პოლიტიკა არ დაუშვებს იმის მტკიცებას, რომ კოვიდ-19 ვაქცინები კლავს ან სერიოზულად აზიანებს ადამიანებს”, - ნათქვამია „ფეისბუქის“ პრესსპიკერის განცხადებაში.
„ჩვენ წავშალეთ ჟაირ ბოლსონარუს ვიდეო, რომელიც არღვევდა სამედიცინო დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ ჩვენს პოლიტიკას იმის მტკიცებით, რომ ვაქცინები არ ამცირებენ დაავადების რისკს და რომ ისინი სხვა ინფექციურ დაავადებებს იწვევენ“,- აცხადებენ კომპანია „იუთუბში“.
გაერთიანებული ერების აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამის (UNAIDS) თანახმად, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც დამტკიცებულია ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, უსაფრთხოა ადამიანების უმრავლესობისთვის, მათ შორის აივ ინფექციის მატარებელი ადამიანებისთვის.