საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ღირსეულ ანაზღაურებას მოითხოვენ და სამინისტროს მხრიდან ხელფასების 60%-ით გაზრდა არასაკმარისია. მათი მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით უმსარაშვილმა განაცხადა, მათი მოთხოვნები გარდა ხელფასის გაზრდისა ასევე შეეხებოდა გზის ხარჯის ანაზღაურებას, დაზღვევის პაკეტის შემუშავებას და ხელშეკრულების ვადის განსაზღვრას, რაც ამ დრომდე დაკმაყოფილებული არ არის.
სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება დაამტკიცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.