მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება პირველ ვერსიასთან შედარებით 73.9 მლნ ლარით იზრდება და 3 მილიარდ 937.0 მლნ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნების ზრდა ძირითადად გამოწვეულია სოციალურად დაუცველი ოჯახების 16 წლამდე ბავშვებისათვის 50-ლარიანი სოციალური დახმარების პაკეტის შემოღებით. კერძოდ, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ, შემოღებული იქნება ბავშვების 50-ლარიანი ყოველთვიური დახმარება. დახმარების ფარგლებში 20 ლარი (დღეს არსებული 10 ლარის ჩათვლით) იქნება ფულადი სარგებელი, ხოლო 30 ლარი - კვების ვაუჩერი, რისთვისაც გათვალისწინებულია 70 მლნ ლარამდე.