სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ერთ-ერთ წევრზე ფიზიკური ანგარიშსწორებაა ასახული, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებით ეხმაურება. ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტი მიმდინარე წლის 14 სექტემბერს მოხდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებს საზოგადოებას დასრულებისთანავე აცნობებს.