ელექტრონიკის მწარმოებელი იაპონური კომპანია Sony ქვეყნის ხელისუფლებას ქარხნების დახურვასთან დაკავშირებით აფრთხილებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იაპონიაში სათანადოდ არ განვითარდება განახლებადი ენერგიის გამომუშავების მიმართულება. ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი კომპანიის ადმინისტრაციული რეფორმირების ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, Sony-ში ირწმუნებიან, რომ წნეხს გრძნობენ ამერიკული ციფრული გიგანტის Apple-ისგან, რომელიც მოითხოვს მისი მომწოდებლები გადავიდნენ ენერგიის სუფთა წყაროს გამოყენებაზე.
გამოცემის ცნობით, Sony-ის ევროპული სიმძლავრეები უკვე სრულად გადასულია განახლებად ენერგიაზე, ჩინეთში ეს მომავალი წლიდან მოხდება, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 2030 წლისთვის. ამ დროს კი იაპონია ჩამორჩება სხვა ქვეყნებს განახლებადი ენერგეტიკის განვითარების კუთხით, მათ შორის, მოქმედი ცალკეული ნორმატიული აქტების გამო, რომლებიც აფერხებენ მის განვითარებას.
იაპონიის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიიდან მიღებული ენერგიის წილი, არსებული 17%-დან 24%-მდე გაზარდოს. თუმცა Sony და სხვა კომპანიები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის, რათა გადაწყდეს პრობლემა და საჭიროა 10 წელიწადში წილი 40%-მდე გაიზარდოს.