სომხეთის თავდაცვის უწყება ფოტოს ავრცელებს, რომელზეც, მათი მტკიცებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის „აეროსტარის“ ნამსხვრევები ჩანს. „სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიქის რაიონში, სომხეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შეღწევის მცდელობები დაფიქსირდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, ყველა მცდელობა ჩაიშალა. ჩამოგდებულია უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ემსახურება,“- აცხადებენ უწყებაში. ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სომხურ მედიას და სოციალური ქსელების მომხმარებლებს მოუწოდებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. მანამდე განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ, სადაც აღნიშნულია, რომ მათი კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.