ყოფილმა სამხედროებმა ერევანში, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ონიკ გასპარიანის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მანამდე მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც ჯარისკაცებს, ვეტერანებსა და ყოფილ სამხედო მოსამსახურეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეები ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტისკენ გაემართნენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ეს ნაბიჯი პრემიერმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნის შუამდგომლობით პრეზიდენტს მიმართა.