სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ სამხედრო ინციდენტს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც სომხეთის ლიდერმა განაცხადა, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება.
„12 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს პროვოკაციული მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თავს დაესხნენ ჩვენს სასაზღვრო პუნქტებს, რომლებიც მდებარეობს ტავუშის რაიონის სოფელ მოვსეს მიმართულებით. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული მოქმედებები მკაცრად დასაგმობია. დღეს დილით ეს ოპერაციები განახლდა. აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა რეგიონალური დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე”, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა შემაშფოთებელია.
„შემაშფოთებელია რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ასახული, სადაც აზერბაიჯანის ქმედებების მიმართ აშკარა და უკვე ტრადიციული ანტისომხური ლოგიკით უპირობო მხარდაჭერაა გამოხატული,“- აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სროლისას ორი სომეხი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს და აცხადებს, რომ სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს.