სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აცხადბს, მიუხედავად იმისა, რომ 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, სომხეთის არმია აღდერე-ერტერისა და ფუზული-ჯაბრაილის მიმართულებებით თავდასხმების განხორციელებას შეეცადა და მათი რამდენიმე დასახლების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნა. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა წარმატებით მოიგერიეს. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის უწყება უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტარტარისა და აღდამის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ და ისიც აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. „თავდაცვის არმიის დანაყოფები სამხრეთის მიმართულებით მტრის თავდასხმებს იგერიებენ. გარდა ამისა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ქალაქ გადრუტზე თავდასხმას აგრძელებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ სომხური მხარე ტარტარისა და აღდამის რაიონებზე თავდასხმას ახორციელებს, კიდევ ერთი ტყუილია,“- აცხადებს სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი. მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 12:00 საათზე შევიდა, აზერბაიჯანულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით თავდასხმა 12:05 საათზე დაიწყეს.