სოხუმის იზოლატორიდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაპატიმრებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს. ქეთევან სიგუა, ეკატერინე სვირავა და ნანა აშორტია, დაახლოებით, ერთი თვის წინ, იმ დროს დააკავეს, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ქეთევან სიგუას დედის დაკრძალვაზე დასასწრებად გადადიოდნენ. საოკუპაციო რეჟიმმა სამივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორში გადაიყვანა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, რომელიც 21 მარტს გაიმართა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქეთევან სიგუას, ეკატერინე სვირავასა და ნანა აშორტიას გათავისუფლების საკითხი დააყენეს.