გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უწყებებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოქნილი მექანიზმის შემუშავების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და საშუალო სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მიმართულებებით.
106,000 აშშ დოლარის ღირებულების ცხრათვიანი პროექტი UNDP-სა და შვედეთის მთავრობის ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიზანსაც საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს.
მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროს 60 თანამშრომელი გადამზადდება გარემოსდაცვითი მონიტორინგის ჩატარებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აღსრულების საკითხებში.