გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების - შპს "პურის" და "იფქლის" საწარმოო სიმძლავრეებს და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.
დღეისათვის კომპანიებში საკმარისი მარაგებია, წარმოების პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობს და მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება. უწყების ცნობით, პროდუქციის მიწოდების უწყვეტად განხორციელებისთვის, პურის მწარმოებელი საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. პროდუქციის რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. საწარმოებში მაქსიმალურად არის დაცული დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია სასურსათო ჯაჭვის ყველა რგოლთან, ყველა მწარმოებელთან, იმისთვის, რომ მომარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემები არ შეიქმნას და ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე, მათ შორის პურზე, ფასი შენარჩუნდეს.