გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ. უფრო კონკრეტულად კი, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 132,000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 24 მლნ ლარს აჭარბებს. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, 112,000-მდე ბენეფიციარმა 29,000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3,600,000 ლარამდე დაზოგეს. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 150 მლნ ლარს აღემატება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1,707 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 31 მლნ ლარს აჭარბებს.