კორიპოს პატარა მთაგორიანი სოფელი შვეიცარიის სამხრეთით მდებარე ვერზასკას ხეობის მწვანე ფერდობებზე ქაოსურად არის შეფენილი. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ზღაპრულად გამოიყურება, მისი მოსახლეობა საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე დგას. ერთ დროს წარმატებული ფერმერული საზოგადოება, რომელიც 300 მოსახლეს ითვლიდა, ახლა 12 ადამიანამდე არის ჩამოსული. ერთადერთი ეკონომიკური აქტივობა ამ პატარა სოფელში ადგილობრივი რესტორანია. ადგილობრივმა ფონდმა Fondazione Corippo 1975-მა სოფლის გადარჩენის გზას მიაგნო: კორიპოს აქვს პოტენციალი, რომ ქვეყნის პირველი "albergo diffuse" ანუ "გაფანტული სასტუმრო" გახდეს. იმ მოდელის მიხედვით, რომელსაც იტალიაში უკვე დიდი ხანია და თანაც წარმატებით იყენებენ, სოფელში მდებარე 70 ფიქალის-სახურავიანი სახლიდან 30-ს კოტეჯებად და სასტუმროს ოთახებად გადააკეთებენ. არქიტექტორისა და ფონდის პრეზისდენტის, ფაბიო ჯაკომაცის, განმარტებით, მიტოვებული სოფლისგან "გაფანტული სასტუმროს" გაკეთება ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, ამ ადგილის გენიალურობა ბოლომდე შეიგრძნონ, რომელიც 1800 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა. აღნიშნული იდეა ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც თავდაპირველი იდეა, რომ სოფელში მუდმივი მაცხოვრებლები დაებრუნებინათ უფრო რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, რადგან შენობები პატარაა და თანაც მანქანებისთვისაც რთულად მისადგომი. განახლების სამ-საფეხურიანი გეგმის განხორციელება 6,5 მილიონი დოლარი ჯდება, ამ გეგმის ფარგლებში, სოფელში მომუშავე ერთადერთი რესტორანი გაფართოვდება და არა მხოლოდ სასტუმროს სასადილო, არამედ მისაღები და შეხვედრის ადგილიც იქნება. ქალაქში მდებარე სკვერები განახლების შემდეგ საზოგადოებრივი სივრცეები გახდება.