გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 ადამიანიდან თბილისში, "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში სამი პაციენტი რჩება. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია. თელეთთან მომხარი ავარიის შედეგად აღნიშნულ კლინიკაში სულ რვა პაციენტი შევიდა, აქედან ხუთი უკვე გაეწერა. საერთო ჯამში სხვადასხვა კლინიკებში სულ 20 ადამიანი მოათავსეს.
ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა და გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან, ორივე მათგანი ქალია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.