სოფელ ხაიშთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ვერტმფრენია ჩართული - Palitra News

სოფელ ხაიშთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ვერტმფრენია ჩართული

2020-07-08 10:55:25+04:00

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მთის ორ ფერდზე არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან, ამ დრომდე 3-ის ლოკალიზება მოხერხდა. კერებთან შეყვანილია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. მეოთხე ლოკაციაზე, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, საჰაერო ძალა მუშაობს.

სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობს. რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.