რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები სოფელ გუმათში, „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან მივიდნენ. ისინი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში გეგმავდნენ დარჩენას, თუმცა პოლიციამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მიზანია კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკამ სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლოს.
ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია, თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი იგივე მოთხოვნებით ისევ გაგრძელდება.
რიონის ხეობაში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებმა დატოვეს და „გუმათჰესთან“ გადავიდნენ, სადაც კარვები აქვთ გაშლილი.