გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის კაპიტანი მასზე გაფორმებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად არის გარდაცვლილი. დაჭრილი ჯერ ტყვიავის საავადმყოფოში, შემდეგ კი, სასწრაფო დახმარების მანქანით, გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გარდაცვლილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.