სოფელ ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა - Palitra News

სოფელ ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა

2021-01-15 14:56:48+04:00

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბესო ქათამაძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს შორის დაპირისპირება მოხდა. ქათამაძემ მაჟორიტარ დეპუტატს განუცხადა, რომ იგი ადგილობრივებს მეჩეთის მშენებლობას დაჰპირდა და მას დანაპირების შესრულება მოსთხოვა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, დაპირისპირების შედეგად არავინ არის დაკავებული. როგორც მან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე სიტუაციას განარიდეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ბუკნარში მდებარე ეკლესიაში კი სასულიერო პირებმა ლოცვა აღავლინეს. როგორც ისინი აცხადებენ, სიტუაციის დამშვიდებას ყველამ ხელი უნდა შეუწყოს , რადგან ძმური ურთიერთობის გაგრძელება მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის აუცილებელია.