სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს კარვები გაშალეს.ამ ფორმით მათ ოკუპაცია გააპროტესტეს და გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს. სტუდენტების მიერ სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციას ”არა ოკუპაციას!” მოსახლეობა შეუერთდა. აქციის მონაწილეები, სოფელ ბერშუეთთან იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ, ე.წ. მესაზღვრეებმა კიდევ ერთი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს. სამართალდამცავები ადგილზე აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. აქციის მონაწილეები მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას ოკუპაციის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.